Skip to main content

ზღვა რომელიც შორია

     photo : Aurélien Villette



  ‘’ზღვა, რომელიც შორია’’. ამ სათაურით ასრულებს ლექტორი სემესტრს, წიგნს ხურავს და გვეუბნება: აღწერეთ და გადმოეცით თქვენ გონებაში არსებული ზღვა,რომელიც შორია. მომაკვდინებელი ემოციები და მოგონებები,რომელიც არასდროს მტოვებდნენ, აი რა იყო ის, რაზეც მე ვფიქრობდი. მოვკიდე ჩანთას ხელი და გარეთ გამოვედი. შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ დღეს, მრავალჯერ ავლილ აღმართს მივუყებოდი. ფოთოლთა ჯარს ფეხით ვთელავდი და გზას ვიკვალავდი. ამ ხმამ ნანატრი ზღვის ხმაური მომაგონა...


- ბურთი გადმომიგდე, ჩემი ჯერია. - დავიყვირე.
- აქ მე ვწყვეტ ვინ ითამაშებს დიდხანს. - მითხრა ამრამ.
- ბურთი დათოსია, დათო კიდე ჩემი მეგობარია, თან ჩემი სახლის წინ ვართ. მე კარგად ვიცი სროლა. - ახლა უფრო მშვიდად და გაბედულად ვუპასუხე ჭორფლის სახიან ამრას. ბურთი ტალახში მოისროლა, კბილი კბილს მაგრად დააჭირა, სახე სიმწრისგან აენთო, წინ დამიდგა და ირონიულად მითხრა:
- შენი სახლის წინ? ეს სახლი მალე ჩემი გახდება. ახლა ეს ბურთი აიღე და ითამაშე სანამ დრო გაქვს.
ეს თქვა და წავიდა. დავიბენი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. ბურთი ტალახიდან ამოიღო აბზიამ, გაწმინდა და თამაშისკენ მოგვიწოდა. მე სურვილი დამეკარგა, ჩაფიქრებული და დაბნეული სახლში შევედი და არსებულის დაკარგვის შიშით ტირილი დავიწყე. 


    1992 წლის საბედისწერო დღეს ცა უჩვეულოდ განათდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, უცბად გაისმა ხმა აფეთქების, ხმა, რომელიც დღესაც არ მტოვებს. კადრები კი, რომლებიც ჩემმა თვალებმა აირეკლა, არ იშლება მეხსიერებიდან. დაიწყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის. დაკარგული სახლი, მეგობრები, ნივთები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები. ერთადერთი რისი წამოღებაც შევძელით ეს ოჯახის ფოტოალბომი და ბაბუას გაკეთებული სალამური იყო. თოვლი, სიცივე, შიმშილი, დარდი. ეს იმ უბედურებათაგან ის მცირე ჩამონათვალია, რისი გადატანაც ჩვენ მოგვიხდა. აფხაზეთიდან თბილისამდე სვანეთის უდაბურ ტყეში გაკვალული გზა. ადამიანები, რომლებსაც საერთო ტკივილი  და ქვეყნის სიყვარული აერთიანებდათ. ერთმანეთის იმედად დარჩენილებს მათი დაკარგვის შიში მეტ ძალას მატებდათ და აძლებინებდათ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც 13 თვე გაგრძელდა.
   თბილისში ახალი ცხოვრება დაიწყო, იმ მოგონებების საფუძველზე, რაც აფხაზეთიდან წამოვიღე. ყოველი ჩემი წარმატება მას მივუძღვენი. ქალაქს, სადაც ჩემ უდარდელ ბავშვობას ჩაეყარა საფუძველი და იქვე დასრულდა, სადაც ჩემი სახლის ჭიშკარი მწვანეა, ეზო ყვავილებით მოკაზმული, სადაც მზე სხვანაირად ამოდის, სადაც ზღვის და ევკალიპტის სუნი იდიალურად ერწყმის ერთმანეთს და ჯადოსნურ ტალღებში გაგდებს. რას არ დავთმობდი ჩემი სახლის აივნიდან ზღვის სანაპიროს გადავხედო, საღამოს კლასელებთან ერთად ბულვარში გავიარო და ვიგემო ნაყინი, რომლის გემო ამდენი წელია არ მავიწყდება. აფხაზეთი ჩემი ზღვაა, რომელიც დროებით შორია. ადგილი, სადაც მურა დავტოვე იმ სახლის სადარაჯოდ, რომელშიც ამრა თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა, დროებით. ჩემ სახლს სარეველა ჭამს, როგორც სხეულს მოსდებია კეთრი. 

   კარი გავაღე და შევაბიჯე სახლში, სადაც არავინ მელის, სადაც არ ტრიალებს ბებოს ტკბილი ხელებით მომზადებული კერძების სურნელი, შევაბიჯე სახლში,რომელიც ჩემი დროებითი სამყოფელია. 
   აივანზე გასულს მონატრებული პეიზაჟის ხელახლა აღქმა მსურდა, მაგრამ ამაოდ. 
 გულგატეხილი ვდგავარ და ვეძებ პასუხს კითხვაზე, ნეტავ მღვრიეა თუ არა ახლა ზღვა, რომელიც ჩემგან ასეთი შორია?!

Comments

  1. Coin Casino UK Review | Deposit Match & Get up to C$5000
    Coin Casino UK offers hundreds of games, including slot 제왕카지노 and 인카지노 blackjack. Play over 700 of 샌즈카지노 the hottest video slots with the latest bonus codes and free spins 💰 Welcome Bonus: 100% up to C$1000🎲 Games: 600+📱 Mobile Version: Android, iPhone, Tablet🏆 Best Mobile Casino: LeoVegas🏆 Best Online Casino: Royal Panda

    ReplyDelete

Post a Comment